fbpx

ახალი ავტომობილი McLaren Elva 1.7 მილიონი აშშ დოლარი ეღირება

ბრიტანულმა კერძო კომპანია – „McLaren Automotive“-მა, რომელიც მაკლარენის საგზაო და სარბოლო ავტომობილების წარმოებაზე ორიენტირდება, სულ ახლახანს წარმოადგინა სუპერავტომობილი, სახელწოდებით – „Elva“, რომელიც მცირელიტრაჟიანი როდსტერის სერია – „Ultimate“-ს განეკუთვნება და რომელიც მაკლარენის ღია კაბინიანი ავტომობილის უახლესი პირველი ნიმუში გახლავთ. სიახლე, რომელიც ამ ეპოქის საუკეთესო როდსტერად მოიაზრა, გამოიცემა ლიმიტირებული ოდენობით, სულ 399 ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული ფასი 1.7 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

ახალი მოდელი „Elva“ შექმნილია ბრიუს მაკლარენის მიერ შექმნილ, 1960-იანი წლების სარბოლო მოდელის – „McLaren-Elva“-ს შთაგონებით, რომელსაც არაერთი სარბოლო წარმატება ხვდა წილად.

ღია კაბინის მქონე ახალი სპორტული ავტომობილი, რომელიც ბრიტანელმა ავტომწარმოებლებმა სახურავის, წინა და გვერდითა საქარე მინების გარეშე წარუდგინეს პუბლიკას, შექმნილია, რათა მაღალ სიჩქარეზე გადაადგილებისას წარმოქმნილი შეგრძნებები სრულიად სხვა დონეზე წარმოჩინდეს. ავტომობილის სპეცშეკვეთით დამზადებული შასი და კორპუსი წარმოდგენილია ნახშირბოჭკოვანი კომპოზიტის მასალით. სიახლე გამოირჩევა დაბალი პოზიციის ცხვირით, მკვეთრად გამოხატული წინა ბამპერით და დიდი ზომის ფრთებით.

მიუხედავად საქარე მინების უქონლობისა, სულაც არაა საჭირო მართვისას ჩაფხუტით აღჭურვა, რამდენადაც ავტომობილი უზრუნველყოფილია როგორც მძღოლზე, ასევე მგზავრზე ორიენტირებული, ე. წ. ზედა კაბინით, რომელიც არა მხოლოდ მათი უსაფრთხოების, არამედ კომფორტული გადაადგილების გარანტადაც მოიაზრება. კერძოდ, გათვლა ამგვარია: ავტომობილის ცხვირის ქვედა ნაწილიდან შემავალი ჰაერის ნაკადი, წინხედის შუა ნაწილიდანვე ზემოთ ამოიმართება, 130-გრადუსიან ე.წ. ჰაერის ბუშტს ქმნის, წრიულად გადაევლება თავს მძღოლსა და მგზავრს და გზას ავტომობილის უკანა ნაწილისკან გაიკვლევს.

„McLaren Elva“ აღჭურვილია იმავე ძრავით, რითაც – „McLaren Senna“ ან „Senna GTR“. 4-ლიტრიანი მასიური V8-ტიპის ტურბოსაბერველიანი ძრავი სიახლეს 809 ცხ. ძალითა და 800 ნიუტონმეტრ მაბრუნი მომენტით უზრუნველყოფს. ავტომობილს გააჩნია 7-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი, რომელიც მართვის კონტროლის ფუნქციასთან ტანდემში ფუნქციონირებს, რაც თავის მხრიც ავტომობილს შესაძლებლობას აძლევს 0-დან 100 კმ/სთ-ს 3 წამზე ნაკლები მოანდომოს.

„McLaren Automotive“-ის ნიჭიერმა ინჟინრებმა სუპერავტომობილი ასევე უზრუნველყვეს ე.წ. „Active Air Management System (AAMS)“-ის ინოვაციური სისტემით, რაც მართვისგან მინიჭიბულ სიამოვნებას კიდევ უფრო ამძაფრებს. ეს გახლავთ სპეციალური სისტემა, რომელიც ავტომობილის მაღალ სიჩქარეზე გადაადგილებისას, მისი უკიდურესად დაბალი ცხვირიდან ჰაერს მიზანმიმართულად და სპეციფიურად გადაანაწილებს. როცა სისტემა გააქტიურებული არაა, ცენტრალური ჰაერშემშვები დახურულია და ჰაერის ნაკადი მიმართება დაბალტემპერატურიან რადიატორებში, რაც ტექნიკურად გათვლილია მათი ეფექტური გაგრილებისთვის.

ავტომობილი ასევე უზრუნველყოფილია მის უკანა ნაწილში განთავსებული სპეციალური აეროდინამიკური მოწყობილობით, რომელიც ჰაერის ნაკადის ცვლადობას განაპირობებს, რაც პირდაპირპროპორციულია საწვავის ეფექტურ მოხმარებასა და მართვის გაუმჯობესებასთან. გარდა ამისა, უკანა დიფუზორთან ტანდემში მომუშავე აღნიშნული მოწყობილობა, სიმაღლესა და დახრის კუთხესთან მიმართებაში რეგულირებადია, რაც ავტომობილის აერობალნსის ოპტიმიზირებას ააქტიურებს.

ნახშირბოჭკოვანი კომპოზიტის მასალის სიუხვით, ავტომობილის სალონიც დაიკვეხნის, სადაც ძალზე მსუბუქი სავარძლებია, რომელთა კორპუსიც სწორედ ამ მასალისგანაა დამზადებული. მაკლარენის ჩვეულ სავარძლებთან შედარებით, ახალი ავტომობილის სავრძლები ოდნავ განსხვავებულია, რაც სავარძელთა ქვედა ნაწილის უფრო მომცრო ზომაზე აისახა. როგორც ბრიტანული კომპანია აცხადებს, ახალი სუპერავტომობილის პირველი ნიმუში დღის სინათლეს 2020 წლის დასასრულისთვის იხილავს.

Comments

comments