fbpx

ახალი სმარტფონი ჰუავეი P20

ჰუავეის მიერ გასულ წელს გამოცემული P–სერიის სმარტფონების წარმატებულობამ, რომელიც P10, P10 Plus–სა და P10 Lite–ს მოიცავდა, განაპირობა, რომ ჩინური კომპანია კვლავაც აგრძელებს ე.წ. P–სერიას, თუმცა სიახლე ამჯერად არა იტერაციული P11–ის, არამედ ფლაგმანური სმარტფონი – „ჰუავეი P20“–ის სახელწოდებით წარსდგება პუბლიკის წინაშე, რომელიც სამ ახალ მოდელს: P20 lite-ს, P20-სა და P20 Plus-ს მოიცავს.

ალბათ საიდუმლო არავისთვისაა, რომ ჰუავეის სმარტფონების ინსპირაციის წყარო მუდამ „Apple“–ის ქმნილებები იყო. ჰუავეი P20–ის სერიის სამივე სმარტფონი „Apple“–ის უახლეს სმარტფონებს მოგვაგონებს, რადგანაც მწარმოებლებმა ისინი ჭრილიანი ეკრანითა და ვერტიკალური კამერით აღჭურვეს. წელს სმატრფონები მთლიანად მინის მასალისგან იქნება დამზადებული (მსგავსად Mate 10 Pro–სა). P20 და P20 Plus-ის დიზაინიდან ყველაზე თვალშისაცემია ვერტიკალურად განლაგებული არა ორი, არამედ სამი კამერა, რომელთა შესაძლებლობებში შედის 40–მეგაპიქსელიანი ფოტოების გადაღება და ხუთმაგი მიახლოვება.

ჯერ–ჯერობით ზუსტად არაა ცნობილი, თუ რისთვის გამოიყენება და რა საჭიროა სამი ლინზა, თუმცა ისინი კვლავ Leica-სთან იქნება შემუშავებული და მსგავსად „Mate 10 Pro“-სა, ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებით იქნებიან უზრუნველყოფილნი, თუნდაც როგორიცაა სცენების ინტელექტუალური ამოცნობა. რაც შეეხება ინტელექტს, აქ რასაკვირველია გამოყენებული იქნება ჰუავეის ახალი პროცესორი, რაც ჩვენ უკვე „Mate 10 Pro“-ში ვიხილეთ, რომელიც NPU ნეირული ქსელის ჩიპითაა აღჭურვილი.

ჩინური კომპანიის ახალ სმარტფონ Huawei P20-ს შტატივისა და ფლეშის გარეშე ხელეწიფება ღამით, თითქმის სრულ სიბნელეში მაღალი რეზოლუციის ფოტოების გადაღება, რისთვისაც საკმარისი იქნება მოდელის ფოტოკამერის მხოლოდ 6 წამით გააქტიურება. მას შემდგომ, რაც ფოტო გადაღებული იქნება, “ხელოვნური ინტელექტი” მას გაასწორებს, დაამატებს კონტრასტს და გამოსახულებას მკაფიოს გახდის, რაც როგორც წესი, ღამით გადაღებული ფოტოების ძირითადი პრობლემაა.

ახალი მოდელებიდან P20 Lite-ი სერიის ყველაზე იაფი სმარტფონი იქნება. 18:9 ფორმატის მქონე ეკრანიანი მოდელი, ზემოთ აღნიშნული 2 მოდელისგან განსხვავებით, გამარტივებული ფუნქციებით გამოირჩევა. მოდელი უზრუნველყოფილი იქნება არა სამმაგი, არამედ ტრადიციული ორმაგი კამერით, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ P20 Lite-საც ექნება iPhone X-ის მსგავსი ე.წ. “კუნძული” ეკრანში.

სამივე სმარტფონის ეკრანის ჭრილში ჩაყენებული იქნება „iPhone X“-ის მსგავსი 3D სახის ამომცნობი სენსორი, რაც საშუალებას მოგვცემს სმარტფონი არა თითის ანაბეჭდით, არამედ სახით გავხსნათ. ასევევ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არც P20 და P20 Plus-ს ექნებათ თითის ანაბეჭდის სენსორები და ისინი სრულად იქნებიან დამოკიდებულნი სახის ამომცნობ სისტემაზე. P20 და P20 Plus–ი წარმოდგენილი იქნება 18:9 ფორმატის ე.წ. „Amoled“ ეკრანით, „Kirin 970“ პროცესორით, 6 და 8 Gb-იანი ოპერატიული და 64-128Gb შესანახი მეხსიერებით.

რაც შეეხებათ მათ სავარაუდო ფასებს, ისინი ამგვარად გამოიყურება: P20 – €679, P20 Plus–ი – €899, ხოლო P20 Lite-ი – €369. ჩინური კომპანიის წარმომადგენელმა “ბიბისისთან” განაცხადა, რომ მათი ვარაუდით, სმარტფონებში მალე მსოფლიოში ნომერ პირველი ბრენდი ჰუავეი გახდება. დღეს ის მესამე ადგილზეა Samsung-ისა და Apple-ის შემდეგ.

Comments

comments