fbpx

ახალი სუპერიახტა Dynamiq GTT 160

მონაკოში დაფუძნებულმა გემთმშენებელმა კომპანია – „Dynamiq Yachts“-ის წევრებმა წარმოადგინეს ახალი სუპერიახტა – „Dynamiq GTT 160“-ის შთამბეჭდავი კონცეპტი. 49.5 მ-ის სიგრძის მქონე სუპერიახტა, სადაც თანამედროვე სტანდარტის არაერთი ინოვაციაა დანერგილი, კრუიზის მოყვარულების ძალზედ ეფექტურსა და ყოველმხრივ კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

12 სტუმარზე გათვლილი სუპერიახტა მოიცავს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფილ 6 სივრცულ კაიუტას; ეკიპაჟის 8 წევრზე გათვლილ კაიუტებს; აივნებითა და სხვა შესაშური კომფორტით უზრუნველყოფილ, იახტის მეპატრონისთვის განკუთვნილ უზარმაზარ კაიუტას; სპა-სალონსა და სატრენაჟორო დარბაზს; ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრებ მოედანს (რაც ამ ზომის სუპერიახტებისთვის ძალზედ უჩვეულო რამაა), ე.წ. სანაპირო ზოლის კლუბს; ლაუნჯს, სადაც ჰიდრომასაჟის ფუნქციით აღჭურვილი ჯაკუზია; „Bowers & Wilkins“-ის მაღალხარისხიანი აუდიოსისტემით უზრუნველყოფილ კინოთეატრს; ბუხრით დამშვენებულ სალონს; ბარსა და 21 ფუტის მქონე ტენდერს.

სუპერიახტა აღჭურვილია – „MAN“-ის ექვსცილინდრიანი სტანდარტული ძრავით, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს განავითაროს მაქსიმალური სიჩქარე 17 კვანძის ოდენობით, თუმცა მწარმოებლები დაიტერესებულ პირებს ასევე შესთავაზებენ ე.წ. „S“-ვერსიას, რომელიც ითვალისწინებს – „MAN“-ის უფრო მძლავს ძრავ -„V12-1800“-ს, რომლის მეშვეობითაც სუპერიახტის გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე 23 კვანძამდე გაიზრდება. თუმცა შეთავაზებები არა მხოლოდ ზემოთხსენებული ვერსიით შემოიფარგლება, რამდენადაც ასევე შესაძლებელია არჩევანის შეჩერება ელექტრონული რეჟიმის მქონე ჰიბრიდულ სისტემაზე, რაც სიჩქარის 8 კვანძამდე განვითარებისას, აბსოლუტური უხმაურო გადაადგილების გარანტად მოიაზრება. შეთავაზებების რიცხვს ასევე განეკუთვნება ინტერიერის სფეროც, რომლის პროექტირებაც – „Bentley Home“-ისებრ კეთილმოწყობას გულისხმობს.

სუპერიახტა – „Dynamiq GTT 160“-ის ფასი – 19 900 000 ევროდან იწყება და დამკვეთის დამატებითი მოთხოვნების შესაბამისად მზარდია, ხოლო რაც შეეხება მის მზადყოფნას, მწარმოებლები იახტის სრულ მზაობას – 24 თვეში განახორციელებენ.

Comments

comments