დასასვენებელი სახლი კეიპტაუნში

Greg Wright Architects–ის ჯგუფის წევრებმა სულ ახლახანს დაასრულეს სამხრეთ აფრიკაში, კერძოდ კი კეიპტაუნში არსებული საცხოვრებლის კეთილმოწყობა, რომელსაც დასასვენებელი სახლის დანიშნულება აქვს.

თამანედროვე სტილში მოწყობილ ინტერიერში დიზაინერებმა ფერთა უხვი გამა გამოიყენეს, რისი დასტურიც სხვადასხვა შეფერილობის ავეჯი, ფერწერის ნიმუშები და დეკორის ელემენტებია.

კეთილმოწყობილი საცხოვრებლის სასტუმრო ოთახი ტერასას უკავშირდება, სადაც ბარი, ლაუნჯი და საცურაო აუზია. სასადილო ოთახს, სადაც ორიგინალური ბარის კუთხეა მოწყობილი, მშვენიერი ბუხარიც ამშვენებს.

ინტერიერის კეთილმოსაწყობად დიზაინერებმა უხვად გამოიყენეს ხის ძვირადღირებული მასალა, რომელიც არა მხოლოდ ხისავე ფერში დატოვეს, არამედ შავი შეფერილობაც მისცეს.

სასტუმრო ოთახის მოსაზღვრე სივრცე დათმობილი აქვს ე.წ. მწვანე კუთხეს, რომელიც მინის უზარმაზარი ვიტრაჟითაა გამოყოფილი და უხვადაა სხვადასხვა მცენარეებით უზრუნველყოფილი.

არანაკლები ორიგინალურობითა და ფერთა სიუხვით გამოირჩევა საძინებლებიც, რომლებიც საცხოვრებლის ბოლო სართულზეა განთავსებული.

საძინებელთაგან ერთ–ერთს, კი საოფისედ მოწყობილი სივრცეც ესაზღვრება, რომელიც მწვანე კუთხის მსგავსად, მინის უზარმაზარი ვიტრაჟითაა გამოყოფილი, თუმცა ამ შემთხვევაში იგი სრიალა კედლის როლსაც ითავსებს, რომლის გადაადგილებისას ოფისში შესვლაა შესაძლებელი. მორიგი საძინებელი კი გემოვნებით მოწყობილ პერსონალურ პატიოს ესაზღვრება.

რადგანაც საცხოვრებელს დასასვენებლად და გასართობად განკუთვნილი დატვირთვა აქვს, დიზაინერებმა არც ღვინის სარდაფი დაივიწყეს, რომელიც ასევე ხის ძვირადღირებული მასალის თაროებითა და ჭერით უზრუნველყვეს, რაც სასმელების კოლექციონერ სახლის მეპატრონეს მათი ორიგინალურად გამოფენის შესანიშნავ შანსს აძლევს.

გემოვნებით მოწყობილი საცხოვრებლის ექსტერიერს კი იმ მხარისათვის დამახასიათებელ უცხო მცენარეთა ნაირსახეობა და ორიგინალური ქანდაკებები ამშვენებს.

Comments

comments