fbpx

იცით თუ არა, რომ…

კვლავაც გთავაზობთ თვალი გადაავლოთ შაბათის რუბრიკას – „იცით თუ არა, რომ…“, სადაც საკმაოდ საინტერესო ინფორმაციათა ათეულია თავმოყრილი:

1. მსოფლიო ლიტერატურის გერმანელმა ტიტანმა – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთემ, სიბერის ჟამს აღიარა, რომ მთელი მისი ხანგრძლივი და შეგნებული ცხოვრების მანძილზე სწავლობდა კითხვას. აღიარებაში მან ასევე დასძინა, რომ მიუხედავად უამრავი წლის შეუპოვარი მცდელობისა, ჯერ კიდევ არ შეეძლო დაბეჯითებით თქმა იმისა, რომ მიზანს მიაღწია.

2. ადამიანებმა ბატები პირველად ძველ ეგვიპტეში მოიშინაურეს, ჯერ კიდევ 4 000 წლის წინათ.

3. აშშ-ს ლეგენდად ქცეულ პრეზიდენტ – ჯორჯ ვაშინგტონს, ძალიან უყვარდა ცხენით ჯირითი. სისუფთავის პათოლოგიურად მოყვარული პრეზიდენტი, ისე არასდროს ამხედრდებოდა ცხენზე, თუ ცხენი იდეალურად სუფთა არ იყო. რამდენადაც გასაოცარი არ უნდა იყოს, ვიდრე იგი ცხენზე შეჯდებოდა, ყოველთვის გულდასმით უმოწმებდა ცხენს კბილების სისუფთავეს.

4. იტალიურ ქალაქ ნეაპოლში, არაყს „ჰიტლერის ცრემლს“ უწოდებენ.

5. 1896 წ-ს ათენში გამართული ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას, 40 კილომეტრიანი მარათონი ყველასათვის მოულოდნელად მოიგო ეროვნებით ბერძენმა ფოსტალიონმა – სპირიდონ ლუისმა.

6. შპინგალეტი – კარის ან ფანჯრის ჩასაკეტი ურდულია.

7. ვაშინგტონის ცენტრში განთავსებულ აშშ-ს საპრეზიდენტო რეზიდენციაში – „თეთრ სახლში“, ელექტროობა პირველად გაიყვანეს 1891 წ-ს. 1962 წ-ს „თეთრ სახლში“ პირველი მაცივარი დადგეს, ხოლო 1993 წ-ს კი, იქ პირველად დაამონტაჟეს კონდიციონერები.

8. აივანი (balcone) – იტალიური წარმომავლობის მქონე სიტყვაა და აღნიშნავს – ხარიხას, ანუ განივად გადებულ ძელს. პირველი კონსტრუქციები, რომელთაც თანამედროვე გაგებით ეწოდა „balcone“, იტალიურ ციხესიმაგრეებზე (თავდაცვით ნაგებობებზე) გამოჩნდა, მე-18 ს-ის იტალიაში.

9. „ჩემი შვილები ჩემი ქმნილებები იქნებიან!“ – სიცოცხლის ბოლომდე ასე ამბობდა, ამ ქვეყნიდან საბოლოოდ უშვილძიროდ წასული, იტალიური რენესანსის პერიოდის მოქანდაკე, მხატვარი, არქიტექტორი და პოეტი – მიქელანჯელო ბუონაროტი (1475 – 1564).

10. აფრიკის კონტინენტზე არსებულ ნიგერის რესპუბლიკაში, ქორწინებაში მყოფი ქალების უმეტესობა საშუალოდ 7 შვილს შობს. მართალია შობადობის მხრივ ეს მსოფლიო რეკორდია, თუმცა ამავე ქვეყანაში ბავშვთა სიკვდილიანობა იმდენად მაღალია, რომ შობადობა, ბევრით არაფრით უსწრებს წინ სიკვდილიანობას.

Comments

comments