fbpx

ლეიკას ახალი ფოტოაპარატი Leica M Monochrom “Drifter” 23 950 აშშ დოლარი ღირს

ფოტოაპარატების, ოპტიკური ლინზების და ზუსტი მექანიკის ხელსაწყოების წარმოებაზე ორიენტირებული, სახელგანთქმული გერმანული კომპანია „ლეიკა“-სა და გრემის მფლობელი ამერიკელი მომღერლის, მულტი-ინსტრუმენტალისტის, პროდიუსერის, ფოტოგრაფისა და დიზაინერის – ლენი კრავიცის კოლაბორაციის შედეგად, შეიქმნა ახალი ფოტოაპარატი – „Leica M Monochrom “Drifter”“-ი. სიახლე, რომელიც სპეციალური გამოცემაა და ლიმიტირებული ოდენობით, მხოლოდ 125 ეგზემპლარად გამოიცა, ექსკლუზიურად გაიყიდება მხოლოდ ლეიკას მაღაზიებსა და ბუტიკებში, ხოლო მისი საფასური კი 23 950 აშშ დოლარი გახლავთ.

ყავისფერი შეფერილობის ახალი ფოტოაპარატი, რომელსაც იმავე შეფერილობის ორი ვინტაჟური სტილის ლინზა ახლავს, კომბინირებულია პითონის ტყავითა და იმავე კომბინაციის მქონე ღვედით.

ე.წ. „Summicron-M 28mm f/2 ASPH“-ისა და „APO-Summicron-M 75mm f/2 ASPH“-ის სისტემის მქონე სიახლე ასევე უზრუნველყოფილია ჩაშენებული ტელესკოპური ლინზით. თითოეული ობიექტივის წინა მხარე და ობიექტივისავე სარქველი, დეკორირებულია სპილენძის მასალის სალტით, თუმცა იგივე მასალა ამშვენებს ე.წ. სარეგულაციო ბორბალს, ჩამკეტ ღილაკს, კადრის გადამყვან გორგოლაჭს და მაშუქის ჩარჩოსაც.

რაც შეეხება ტექნიკურ მონაცემებს, იგი სერია – „Leica M Monochrom (Typ 246)“-ის იდენტურია, თუმცა აღნიშნული სერიისგან მას არა მხოლოდ დიზაინი გამოარჩევს, არამედ თანმხლები აქსესუარებიც, რომელთა შორისაც, არა მხოლოდ ზემოთ აღნიშნული ორიგინალური ღვედია, არამედ ფოტოაპარატისა და ობიექტივისათვის განკუთვნილი ორ-ორი შალითა, რომლებიც სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა და დამზადებულია ტყავის მასალისაგან და ასევე სამოგზაუროდ თუ პიკნიკისათვის განკუთვნილი, იდენტური მასალის დიდი ზომის ჩანთა, სახელწოდებით “The Drifter Traveler.”

Comments

comments