პლანეტის ყველაზე საშიშ ძაღლთა ნაირსახეობა

ძაღლების ამა თუ იმ ჯიშთა სახიფათოობას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, თუმცა სპეციალისტთა აზრი ხშირად სხვადასხვაგვარია ამ თემასთან დაკავშირებით. სხვა ჯიშებისგან განსხვავებით, ზოგირთი ჯიშის ძაღლი გაცილებით მეტ ზიანს მიაყენებს მის მსხვერპლს, თუ მასზე თავდასხმას გადაწყვეტს. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა ჯიში იმგვარადაა გამოყვანილი, რომ საკუთარ პატრონს დაემორჩილოს. ამდენად, ინციდენტთა უმეტესობა არასწორი წვრთნითა და პატრონის არაგონივრული ქმედებით აიხსნება.

1. ტოსა ინუ.

ეს ჯიში პირველად იაპონიის პრეფექტურა კოტიში, კუნძულ სიკოკუს მებრძოლი ძაღლების და ჩამოყვანილი მასტიფების, დოგების, ბულდოგების და ბულტერიერების შეჯვარებით მიიღეს. მისი სიმაღლე 60 – 65 სმ–ს აღწევს, აქვს ფართო მკერდი, ძალიან ძლიერი კისერი, საშუალო სიგრძის დრუნჩი, შეფერილობა შეიძლება იყოს ხორბლისფერი, ჟღალი ან შავი. ისინი აუცილებლად ადრიდანვე უნდა გაიწვრთნას, თუმცა აღსანიშნავია, რომ ძალზედ ძნელად იწვრთნებიან და დამატებით დატვირთვას საჭიროებენ. ტოსა ინუ ცუდად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, ბავშვებს და სხვა ძაღლებს, ტოსა ინუ ბევრ ქვეყანაში აკრძალულია.

2. ამერიკული ბანდოგი.

ეს წარმოუდგენლად ძლიერი სახეობა, ამერიკული პიტბულ–ტერიერისა და ნეაპოლიტანური მასტიფის შეჯვარების შედეგად იქნა მიღებული. მიუხედავად მისი ვიზუალისა, კინოლოგებს იგი საბრძოლო ჯიშად არ შეუქმნიათ, თუმცა მას აქტურად იყენებენ ძაღლების ბრძოლებში.

3. კანე კორსო.

შესანიშნავი მუსკულატურის მქონე კანე კორსო, უძველეს იტალიურ ჯიშად მოიაზრება. უაღრესი სიმამაცის მქონე ძაღლს, რომელიც საფრთხის დროს უკან არასდროს იხევს, დიდ ცხოველებზე სანადიროდ, სასახლეეებისა და ტაძრების დასაცავად და ბრძოლებში პირად მცველებად იყენებდნენ. 70–ანი წლების ბოლოს ამ სახეობას გადაშენება დაემუქრა, თუმცა მეცნიერი ჯოვანი ბონატის ძალისხმევით, იგი გადარჩა და დღეს ამ ჯიშს მსოფლიოს არაერთ ძაღლთსაშენში ამრავლებენ. დღევანდელ დღეს კანე კორსო მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო სასამსახურო სახეობად ითვლება და აქტიურად გამოიყენება პოლიციაში, პირად მცველებად და ამა თუ იმ ობიექტების დასაცავად.

4. ბულტერიერი.

ეს სახეობა მე–19 ს–ში შეიქმნა დიდ ბრიტანეთში, ბულდოგისა და დღეს უკვე გადაშენებული თეთრი ინგლისური ტერიერის შეჯვარების შედეგად. ამ ჯიშის ძაღლები 45–55 სმ–ის სიმაღლეს და წონით 45–55 კგ–ს აღწევენ. მათი შეფერილობა შესაძლოა იყოს თეთრი, მოყვითალო–მოყავისფრო, წითური და სამფერა (შავის, წითურისა და თეთრის ნაზავი. ე.წ. ვეფხვის შეფერილობის მსგავსი). მიუხედავად იმისა, რომ ბულტერიერის გაწვრთნა რთულია და სხვა ძაღლებთან ურთიერთობისას პრობლემატური, ადამიანთა მიმართ იგი კეთილგანწობილია და სხვა ჯიშის ძაღლებისგან განსხვავებით შედარებით იშვიათად იკბინება. თუმცა თუკი მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მსხვილი კბილების მქონე ამ ჯიშის ძაღლს საზარელი დაზიანებების მიყენება შეუძლია მოწინააღმდეგისთვის. თითქმის ყველა შემთხვევაში მსხვერპლისგან ძაღლის მოშორება ძალზედ რთული ხდება. ეს ჯიში კარგ მოდარაჯედ მოიაზრება.

5. როდეზიური რიჯბეკი.

ეს სახეობა სამხრეთ აფრიკულ წარმომავლობად მიიჩნევა, თუმცა იგი ცნობილი გახდა ზიმბაბვედან (ყოფილი როდეზია), სადაც მან სახელი გაითქვა ლომებსა და სხვა დიდი ტანის ცხოველებზე ნადირობის უზადო უნარის გამო. როდეზიური რიჯბეკი მამაცია, ძალზედ ენერგიულია ბრწყინვალედ ცურავს და ნებისმიერ კლიმატურ პირობას იოლად ეგუება (თუნდაც ეს იყოს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება). ის თავდადებულ მოდარაჯე ჯიშად მიიჩნევა და მეგობრული ცხოველია, თუმცა გააფთრებული ჩხუბიც ხელეწიფება. ეს სახეობა სიმაღლით 61–69 სმ–ს, ხოლო წონით 29–41 კგ–ს აღწევს.

6. არგენტინული დოგი.

ეს სახეობა იმ მცირერიცხოვან ჯიშებს შორის მოიაზრება, რომლებიც სამხრეთ ამერიკაში მიიღეს. მის მისაღებად ესპანური მებრძოლი ძაღლის ძველი ტიპი, ესპანური მასტიფი, დოგი, ძველი სტილის ბულტერიერი, ბულდოგი და ბოქსიორი გამოიყენეს, შედეგად კი მიიღეს გამძლე, უშიშარი, ღია შეფერილობის ბალნის მქონე მონადირე ჯიში, რომელმაც იმთავითვე მიიპყრო ძაღლების ბრძოლათა ორგანიზატორებისა და მოყვარულების ყურადღება. რადგანაც იგი ძნელად გასაწვრთნელ ჯიშად მოიაზრება, მისი წვრთნა ადრეული ასაკიდანაა საჭირო, რათა მორჩილებას დაექვემდებაროს. არგენტინული დოგი ძნელად ეგუება სხვა ძაღლებს, ასევე ბავშვებს (აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში აკრძალულია ამ ჯიშის ძაღლის ყოლა) და ვერ იტანს ცივ კლიმატს. ამ სახეობის ძაღლები სიმაღლით 61–69 სმ–ს, წონით 36–45 კგ–ს, ხოლო ასაკით 10–11 წ–ს აღწევენ.

7. ბურბული.

ძაღლთა ამ სახეობის წარმოშობა სამხრეთ აფრიკას განეკუთვნება. იგი გამოიყვანეს სახლისა და ფერმის დასაცავად და შედეგმაც არ დააყოვნა, ამ ჯიშის ძაღლები ძალზედ ერთგულები და შესანიშნავი მცველები არიან. მათი სიმაღლე 61–69 სმ–ს, ხოლო წონა 32–36.5 კგ–ს აღწევს. ეს სახეობა კარგ მოდარაჯეთა კლასს განეკუთვნება.

8. სენბერნარი.

სენბერნარები ალპური მასტიფების შთამომავლები არიან, რომელთა წარმოშობაც შვეიცარიაში, შუა საუკუნეებში ფიქსირდება. ისინი თავდაპირველად მოკლებალნიანი და აგრესიული ცხოველები იყვნენ. შესაბამისად, წარმომავლობით ისინი აგრესიულ ძაღლთა ჯიშს განეკუთვნება. თუმცა გარკვეულ პერიოდში ჯიში საერთოდ ამოწყდა და აღდგენილ იქნა ნიუფაუნდლენდისა და დოგის მონაწილეობით. მართალია არსებობს ეჭვი, რომ სენბერნარები დაკავებულები იყვნენ ალპებში თოვლის ქვეშ მოყოლილ მოგზაურთა გადარჩენით, თუმცა ის კი უდაოა, რომ ისინი ჯერ კიდევ მე–17 ს–დან ჰყავდათ ბერნანდელების თავშესაფრის ბერებს, რომლებიც მათ თოვლში გზის გასაკვალად და ტვირთის გადასაზიდად იყენებდნენ. დღევანდელი სენბერნარი არა მხოლოდ გიგანტური ზომის, ძლიერი და დაკუნთული სხულის მქონეა, არამედ გულკეთილიცაა და ძალზედ უყვართ ბავშვებთან ურთიერთობა. სენბერნარი ბრწყინვალედ ეგუება ცივ კლიმატურ პირობებს. ისინი სიმაღლით 50–71 სმ–ს, წონით 50–91 კგ–ს, ხოლო ასაკით 9–11 წ–ს აღწევენ. არსებობს მოსაზრება, რომ ისინი (როგორც სხვა დიდტანიანი ძაღლები) ლეკვობის ასაკიდანვე უნდა მიაჩვიონ სხვა ძაღლებთან და უცხო ადამიანებთან ურთიერთობას, რათა თავიდან არიდებულ იქნეს მათი აგრესიული თავდასხმა, თუმცა ამ აზრს რიგი კინოლოგებისა არ ეთანხმებიან.

9. ამერიკული ბულდოგი.

ეს სახეობა იმ ძაღლების შთამომავალია, რომლებიც მე–19 ს–ში ევროპიდან აშშ–ში ჩასულ ემიგრანტებს ჩაჰყავდათ. სხვადასხვა ზომისა და შეფერილობის ამერიკული ბულდოგი ვიზუალურად ინგლისურ ბულდოგს ჰგავს. იგი ძლიერი, დაკუნთული და უშიშარია. ეს ჯიში კარგად ეგუება ნებისმიერ კლიმატურ პირობებს. ამერიკული ბულდოგი ძნელად იწვრთნება და დიდ ფიზიკურ დატვირთვას საჭიროებს. ისინი სიმაღლით 50–71 სმ–ს, წონით 27–58 კგ–ს, ხოლო ასაკით 10–15 წ–ს აღწევენ. ეს სახეობა მოდარაჯეთა კატეგორიას განეკუთვნება.

10. გერმანული დოგი.

ძაღლთა ეს ნაირსახეობა მე–19 ს–ის გერმანიაში, ირმებსა და ტახებზე სანადიროდ გამოყვანილ ჯიშს წარმოადგენს. მის წარმოშობას ევროპაში ალანებთან ერთად მოხვედრილ ძაღლებს უკავშირებენ. არის ვერსია, რომ ამ მებრძოლ მასტიფებს გრეიჰაუნდებთან აჯვარებდნენ, რის შედეგადაც მიიღეს დახვეწილი და გაწონასწორებული თანამედროვე ჯიში. მედიდურსა და გრაციოზულ გერმანულ დოგს შესაძლოა ჰქონდეს შავი, ჩალისფერი, მარმარილოსფერი და ვეფხვისფერი შეფერილობა. მათი სიმაღლე ძაღლების ნაირსახეობათა შორის რეკორდულია და შესაძლოა 110 სმ–საც მიაღწიოს. გერმანული დოგის წონა 46–54 კგ–ს, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა 9–10 წ–ს აღწევს.

11. კავკასიური ნაგაზი.

კავკასიის მთები ითვლება ერთ-ერთი უძველესი მოლოსური ჯიშის – კავკასიური მთის ძაღლის სამშობლოდ. გადმოცემის თანახმად, ჯერ კიდევ ქართველთა წინაპარ ტომებს – ხეთებსა და სუბარებს ჰყოლიათ ეს ჯიში მოშენებული. კავკასიურ ნაგაზს ბრძოლის დროსაც იყენებდნენ, თუმცა მის ძირითად დანიშნულებას ცხვრის მწყემსვა და დარაჯობა წარმოადგენდა. საუკუნეების განმავლობაში მას ასევე იყენებდნენ საკუთრების დასაცავად, მგლების მოსაკლავად და დათვებზე სანადიროდ. დღესდღეობით კი იგი კომპანიონობას უწევს ადამიანს და შესანიშნავი მოდარაჯე ძაღლია. კავკასიურ ნაგაზს სხვაგვარად ქართულ მეცხვარულასაც უწოდებენ.
კავკასიურ ნაგაზს პატრონის ოჯახის წევრების, ასევე შინაური ცხოველების დაცვის ძლიერი ინსტინქტი აქვს, უცხოების მიმართ კი აგრესიულია. საკუთარ ოჯახში იგი კეთილი და ალერსიანი, ერთგული და დამჯერია. ის უაღრესად კეთილშობილი, გულადი და შეუდრეკელი ჯიშია, თუმცა არასწორი გაწვრთნის შემთხვევაში საშინლად ავი ხდება. ვერ იტანს უსამართლოდ დასჯას, მაგრამ ადვილად შეუძლია პატიება და წყენას არ იმახსოვრებს. არასოდეს დაჩაგრავს თავისზე სუსტ თანამოძმეს. კავკასიური ნაგაზი სიმაღლით 67–70 სმ–ს, წონით 50–90 კგ–ს, ხოლო ასაკით 10–11 წ–ს აღწევს. ეს სახეობა მოდარაჯეთა რიგს განეკუთვნება.

12. პიტბული.

პიტბული, რომელიც სხვაგვარად ამერიკულ პიტ ბულ ტერიერად მიოაზრება, მე–19 ს–ში აშშ–ში გამოყვანილი ძაღლის ჯიშია. იგი სტაფორდშირული ტერიერის და დღეს უკვე გადაშენებულ მებრძოლ ბულდოგთა შეჯვარების შედეგად მიიღეს. პიტბული იმდენად აგრესიული ძაღლია, რომ მისი სახელის ხსენებაც კი ზოგისთვის ისტერიის გამომწვევია. ეს სახეობა კატეგორიულად აკრძალულია შვეიცარიასა და ჩრდილოეთ ამერიკის ზოგ ქვეყანაში, ხოლო დიდ ბრიტანეთში მისთვის აუციებელია ალიკაპის ტარება და ჩიპის იმპლანტაცია. პიტბული თავდეპირველადვე მებრძოლ ჯიშად იყო გამოყვანილი. მიუხედავად მისი მშვიდად მოცქირალი თვალებისა, იგი ძნელად იწვრთნება და ძნელადვე ეგუება სხვა ცხოველებთან და ბავშვებთან ურთიერთობას. ის ნებისმიერ დროს მზადაა თავს დაესხას სხვა ცხოველს და ადამიანსაც კი. მას ყბებზე კარგად განვითარებული მუსკულატურა, მასიური სხეულის სიმაღლესთან შედარებით გრძელი ზურგი და ასევე შედარებით წვრილი კუდი აქვს. ამ ჯიშის ძაღლის მოკლე და ხშირი ბალანი შესაძლოა ნებისმიერი შეფერილობის იყოს. პიტბული კარგად ეგუება ცხელ კლიმატს. მათი სიმაღლე 46–56–სმ–ს, წონა 14–36 კგ–ს, ხოლო ასაკი 12 წელს აღწევს. პიტბულები ცუდი მოდარაჯეები, თუმცა შეუდარებელი მებრძოლები არიან.

13. ბასენჯი.

ამ სახეობის წარმომავლობა ცენტრალური აფრიკის უძველესი ხანიდან მოდის. ისინი მშვიდი და დახვეწილი გარეგნობის მქონეა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ძნელად გასაწვრთნელ ძაღლთა სიაში მათ მეორე ადგილი უჭირავთ. ამ სახეობას ერთი ძალზედ უჩვეულო თვისება გააჩნიათ, ისინი ნადირობისას არასდროს ყეფენ, რაც მათ მაღაეფექტურ ნადირობას განაპირობებს. ნაცვლად ყეფისა, ისინი უჩვეულოდ ყმუიან. ეს სახეობა სრულიად ვერ ეგუება სიცივეს, ხოლო კარგად ეგუება სიცხეს და უყვართ ბავშვები. ბესენჯის სიმაღლე 41–46 სმ–ს, წონა 9–13 კგ–ს, ხოლო ასაკი 12 წ–ს აღწევს. ისინი მონადირეთა კლასს განეკუთვნებიან.

Comments

comments