fbpx

სუპერიახტა Project #4–ის კონცეპტი

ფრანგული სტუდია “YXXI Yacht Design”–ის წევრებმა სულ ახლახანს წარმოადგინეს მათი ბოლო პროექტი, რომელიც 127 მ–ის სიგრძის მქონე, მდიდრული სუპერიახტა – „Project #4“–ის კონცეპტი გახლავთ.

თანამედროვე აეროკოსმოსური და საავტომობილო კონსტრუქციებით შთაგონებულმა ტომას ვუაილამ, ვინაც სტუდია “YXXI Yacht Design”–ის დამფუძნებელი და იმავდროულად წამყვანი დიზაინერია, მიზნად დაისახა უკიდეგანოდ მდიდრული ცხოვრებისეული სტილი რეალურ ნიმუშში აესახა და შექმნა ყოველმხრივ კომფორტული სუპერიატა „Project #4“–ის კონცეპტი, რომელიც 30 მგზავრსა და ეკიპაჟის 46 წევრზეა გათვლილი. სტუმართათვის განკუთვნილი 15 კაიუტა იახტის ზედა გემბანებზეა გადანაწილებეული, რომელთაგან ზოგიერთს პერსონალური სპა–სალონი და ტერასაც გააჩნია, ხოლო ეკიპაჟის წევრთა კაიუტები კი იახტის ქვედა გემბანზეა განთავსებული.

სუპერიახტა მთლიანად აღჭურვილია ელექტროქრომატული ფანჯრებით, რომლებიც ფერს იცვლიან ღილაკზე მხოლოდ თითის ერთი დაჭერით. „Project #4“ უზრუნველყოფილია უზარმაზრი ტერასით, რომელიც შესაძლებლობას იძლევა სპორტული მოედნის ფუნქციაც შეითავსოს, იქნება ეს: ჩოგბურთის კორტი, კალათბურთის, ფეხბურთის, ბადმინტონისა თუ გოლფის მოედანი, ხოლო გემბანის სასეირნო პლატფორმა კი 200–მეტრიანი სარბენი ბილიკის ფუნქციას ითავსებს.

იახტაზე ასევეა: ვერტმფრენისთვის განკუთვნილი მოედანი, რომლის დიამეტრიც 11 მ–ს შეადგენს; 30–ადგილიანი კინოთეატრი; სპა და სილამაზის სალონები; ფიტნესისა და მასაჟის ოთახები; საუნა; 12 მ–ის სიგრძის, 8 მ–ის სიგანისა და 2.75 მ–ის სიღრმის მქონე საცურაო აუზი, რომლის გვერდითა კედლები მინის მასალისაა, რაც მისი ბუნებრივი სინათლით უზრუნველყოფის გარანტია.

სიახლეს ხელეწიფება გადაადგილდეს როგორც დიზელ–ელექტონული ტრანსმისიით, ასევე ტრადიციული დიზელის ძრავის მეშვეობით, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში კრუიზი უხმაურო და კომფორტული იქნება.

Comments

comments