fbpx

შთამბეჭდავი სუპერიახტა GRAVITY

62 მეტრის სიგრძის მქონე ახალი სუპერიახტა – „GRAVITY“-ს შთამბეჭდავი კონცეპტი, რომლის ამსახველი ფოტოების თვალის გადავლებასაც ამჯერად გთავაზობთ, იტალიელმა არქიტექტორმა და იახტ-დიზაინერმა – ლუკა ვალებონამ წარმოადგინა.

ასიმეტრიული დიზაინისა და მთლიანად ალუმინის მასალის მქონე ელეგანტური სიახლე გამოირჩევა სუპერიახტისთვის მახასიათებელი მაღალფუნქციონალური მაჩვენებლებით, სადაც სხვადასხვა დანიშნულების მქონე, არაერთი კეთილმოწყობილი სივრცული ზონაა, რომელთა შორისაც მოიაზრება: სასადილოდ, მოსასვენებლად, გასარუჯად და გასართობად მიჩნეული სივრცეები.

სუპერიახტა გათვლილია 14 სტუმარზე, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ განთავსდნენ „VIP“-ტიპის 6 კაიუტაში. იქ ასევეა ეკიპაჟის წევრთათვის მიჩნეული 8 კეთილმოწყობილი კაიუტა, რომლებიც სხვა სუპერიახტებისაგან განსხვავებით, ძირითადი გემბანის წინა ნაწილშია განთავსებული და იახტის მეპატრონისათვის განკუთვნილი, სივრცული და შესაშურად კეთილმოწყობილი კაიუტა, რომელიც იახტის მეპატრონის სრულ კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს.

სუპერიახტა ასევე მოიცავს იახტის ქვედა, ძირითად და ზედა დონეებზე არსებულ 3 სალონს, ე.წ. სანაპირო ზონის კლუბს, სენსორულად მართვად ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენ ზონას და სივრცულ ფარეხს, სადაც უპრობლემოდაა შესაძლებელი 8.5 მ-ის სიგრძის მქონე ტენდერის, 6 მ-იანი ნავის, 4.2 მ-იანი სამაშველო ტენდერისა და 4 ჰიდროციკლის განთავსება. ასევე აღსანიშნავია სუპერიახტის კამბუზი, რომელიც ცალი მხრიდან უზრუნველყოფილია უზარუმაზარი ვიტრაჟებით, საიდანაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ თვალყური ადევნონ შეფ-მზრეულის მიერ კერძების მზადების პროცესს.

რაც შეეხება სუპერიახტის ტექნიკურ მონაცემებს, იგი აღჭურვილია „Caterpillar 3512“-ის წყვილი ძრავით, რომელიც სრულიად შეესატყვისება „IMO III“-ის მოთხოვნებს და რომლის მეშვეობითას სუპერიახტას ხელეწიფება განავითაროს მაქსიმალური სიჩქარე 16, ხოლო კრეისერული კი 14 კვანძის ოდენობით. აქვე დავძენთ, რომ სუპერიახტის გადაადგილების ოპერატიული სიშორე – 4500 საზღვაო მილია – 12 კვანძის სიჩქარით გადაადგილების ფონზე.

Comments

comments