fbpx

17 მილიონ აშშ დოლარად შეფასებული ბევერლი-ჰილზსის კერძო საკუთრება

შთამბეჭდავი კერძო საკუთრება, რომელიც ლოს-ანჯელესის საგრაფოს დასავლეთ ნაწილში არსებულ ქალაქ ბევერლი-ჰილზს ამშვენებს, სულ ახლახანს მოხვდა უძრავ ქონებათა გასაყიდ სიაში და 17 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული.

ყოველმხრივ კეთილმოწყობილი საცხოვრებელი, რომელიც ვიზუალურად ტოსკანურ ვილას მოგვაგონებს, სახელგანთქმული ამერიკელი ტელე და რადიოჟუნალისტის – ლარრი კინგისა (ლოურენს ჰარვი ზეიგერისა) და მისი რიგით მეშვიდე მეუღლის (ლარი კინგი 8-ჯერ იყო დაქორწინებული, თუმცა 2-ჯერ ერთსა და იმავე მანდილოსანზე), მომღერალ – შონ საუთვიკის მიერ ერთობლივად შეძენილი ქონებაა (რომელთაც თანაცხოვრების 22 წელი ერთად დაჰყვეს). ამჯერად უკვე გასაყიდი კერძო საკუთრება, ახლა უკვე განქორწინების ეტაპზე მყოფმა წყვილმა, ჯერ კიდევ 2007 წელს, 11.7 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.

ნახევარ აკრზე განთავსებული და ჭეშმარიტ ოაზისად შერაცხული კერძო საკუთრება, რომლის საცხოვრებელი ფართიც 10 700 კვ ფუტს შეადგენს, ხმელთაშუა ზღვის არქიტექტურული სტილით გამოირჩევა. ორსართულიანი ნაგებობა უზრუნველყოფილია: მდიდრულად დეკორირებული და სანიმუშოდ ავეჯირებული 7 საძინებლით; 9 სააბაზანო ოთახით; სივრცული ჰოლით; ბუხრებით დამშვენებული არაერთი სასტუმრო ოთახით; სივრცული სასადილო ოთახით; კაბინეტით; ბარით უზრუნველყოფილი გასართობი ოთახით; თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულოთი; სატრენაჟორო დარბაზითა და არაერთი კეთილმოწყობილი ტერასით.

რუდუნებით მოვლილსა და დეკორირებულ ექსტერიერს, კი სტუმართათვის განკუთვნილი ცალკე ნაგებობა, ლაუნჯი და საცურაო აუზი ამშვენებს, რომელიც ქვაში ნაკვეთი ქანდაკებებითაა დეკორირებული და იმავდროულად შადრევნის ფუნქციასაც ითავსებს.

Comments

comments