fbpx

20 800 ევროდ ღირებული მაჯის ახალი საათი Hublot Classic Fusion Gold Crystal

ოქრო ოდითგანვე ხიბლავდა და აინტერესებდა კაცობრიობას, თუმცა სიახლე არავისთვისაა, რომ უჩვეულო ფორმისა და უნიკალური მოხატულობის მქონე ოქროს კრისტალები, ბუნებაში პრაქიკულად არ მოიპოვება. ოქროს მასალის ეს უიშვიათესი ფორმები ექსტრემალურ პირობებში წარმოიქმნება. ჰოდა, ლუქსის კლასის მდიდრული საათების წარმოებაზე ორიენტირებული, შვეიცარიული კომპანია – „Hublot“-ს წევრებმაც არ დაახანეს და მათ მიერ შემუშავებული მეთოდის მეშვეობით, ლაბორატორიულ პირობებში შექმნეს ამ ძვირფასი მეტალისგან ნამზადი შთამბეჭდავი ფორმები, რომელიც – „Classic Fusion“-ს დეკორის ელემენტად მიუსადაგეს. სახელგანთქმული კომპანიის მიერ წარმოებეული მაჯის უახლესი საათი – „Hublot Classic Fusion Gold Crystal“-ი – 20 800 ევრო (ან 21 100 აშშ დოლარი) ეღირება.

„Hublot Classic Fusion Gold Crystal“-ი დეკორირებულია ოქროს კრისტალებით, რომელიც კომპანიის კვლევისა და ექსპერიმენტების დეპარტამენტმა შეიმუშავა, რისთვისაც მათ 24-კარატიანი ოქროს ფანტელები ფორმებში განათავსეს და ემანაციის კონდიციამდე გაალღვეს, რის ფონზეც, დუღილის შედეგად ჰაერის ნაკადში წარმოქმნილი ატომის პაწაწინა ნაწილაკები, ცივ ზედაპირზე შეხებისას ოქროს კრისტალებად გარდაიმნენ. სრულიად ქაოტური და უჩვეულო ფორმის მქონე, სწორედ ამგვარი შთამბეჭდავი ფორმის კრისტალები განათავსეს მათ სიახლის შავი შეფერილობის ციფერბლატზე, რამაც ნაკეთობას ულტრა-იშვიათი იერსახე მიანიჭა.

ნაკეთობაზე განთავსებული ოქროს ყოველი კრისტალი, კომპანიის დახელოვნებული ოსტატების მიერ სათითაოდაა ხელით განთავსებული, რასაც შემდგომ კიდევ უფრო შრომატევადი სამუშაო სდევს თან. კერძოდ, დეკორის ელემენტის განთავსების შემდგომ, სიახლის ზედაპირი იფარება სპეციალური გამჭვირვალე ლაქის თხელი ფენით, რომლის შემუშავებასაც წლები დასჭირდა. აღნიშნული პროცესი ვაკუმურად ხორციელდება, რათა ჰაერში წარმოქმილი ბუშტუკები, ხელოვნების ამ უნიკალური ნიმუშის იერსახის ხელისშემშლელ ფაქტორად არ მოევლინონ. თუმცა ეს პროცესი არა ერთჯერადად ხორციელდება. იმისთვის, რომ შთამბეჭდავი კრისტალები ციფერბლატზე მყარად იქნეს მიმაგრებული, კომპანიის წამყვან ოსტატებს 20-ჯერ უწევთ ლაკის თხელი ფენით ციფერბლატის ზედაპირის დაფერვა. ამ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესის შემდგომ კი, ხდება ციფერბლატის მოხვეწა (პოლირება), რათა ნაკეთობამ დასრულებული იერსახე მიიღოს.

მაჯის უახლესი საათი – „Hublot Classic Fusion Gold Crystal“-ი უზრუნველყოფილია კერამიკის მასალისგან ნამზადი, შავი შეფერილობის ჩარჩოთი. მწარმოებლებმა ნაკეთობა ორ ნაისხახეობად წარმოადგინეს, რომლთაგან ერთის დიამეტრი – 38, ხოლო მეორესი კი – 45 მილიმეტრი გახლავთ. ორივე მათგანი წყალგაუმტარია – 50 მ-ის სიღრმემდე და აღჭურვილია ავტომატურ-მექანიკური მექანიზმით – „HUB1112“, რომელიც მათ 42-საათიანი სარეზერვო სვლით უზრუნველყოფს. და ბოლოს, მომხიბვლელ ნაკეთობას კიდევ უფრო ელეგანტურ იერსახე ჰმატებს ალიგატორის ტყავის მასალისგან დამზადებული, შავი შეფერილობის სამაჯური. აქვე დავძენთ, რომ დაინტერესებულ პირებს, ამ ექსტრაორდინარული სიახლის შეძენა უკვე შეუძლიათ, როგორც ბრენდისათვის განკუთვნილი სპეც-მაღაზიების, ასევე ინტერნეტ-მაღაზიების მეშვეობით.

Comments

comments