2018 Opel Insignia GSi პრემიერისთვის ემზადება

გერმანულმა ავტოკომპანიამ ამა წლის სექტემბრის თვეში გასამართ ფრანკფურტის ავტოშოუს საპრემიეროდ ახალი სპორტული სედანი Opel Insignia GSi მოამზადა. როგორც კომპანიამ განმარტა, ეს ავტომობილი მათზეა გათვლილი, ვისაც რაღაც განსაკუთრებული სურს.

მართალია Opel Insignia GSi (Opel Insignia Grand Sport injection) მის წინამორბედ Insignia Grand Sport-ზე მძლავრი არ არის (260 ცხ. ძ.), მაგრამ მისგან ბევრი რამით გამოირჩევა. კერძოდ: Opel Insignia GSi  160 კგ–ით მსუბუქია წინა თაობაზე; სიახლის შასი მომართულია ავტომობილის ყველაზე დინამიურ დონეზე და სრულამძრავიან სისტემასთან ტანდემში მაქსიმალურ ჩაჭიდებას უზრუნველყოფს, რაც მფლობელის მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და მართვისას მიღებულ სიამოვნებას განაპირობებს; ახალ 8–საფეხურიან ტრანსმისიას საჭის რგოლთან განთავსებული ბერკეტები მართავენ, რაც მძღოლს გაცილებით აქტიურსა და კომფორტული მართვის საშუალებას აძლევს; სიახლე უზრუნველყოფილია როგორც მოკლე ზამბარის და ადაპტირებადი ამორტიზატორის წყვილებით, ასევე გაცილებით მძლავრი „ბრემბო“–ს წარმოების მუხრუჭებით; მართვის 3 რეჟიმს („სტანდარტი“, „ტური“ ‘სპორტი“) კიდევ ერთი რეჟიმი „Competition“–ი დაემატა, რომელიც საჭის, საკიდარის, გადაცემათა კოლოფისა და აქსელერატორის მახასიათებელთა სახეცვლას განაპირობებს.

ახალი სპორტული სედანი გარეგნულადაც სახეცვლილია. იგი უფრო აგრესიული ვიზუალითაა წარმოდგენილი, რასაც მას ფარებქვეშ განთავსებული ჰაერის ამღები ზორბა ჭრილები ჰმატებს. ჰაერის გამშვები ჭრილებით უკანა ბამპერი აღიჭურვა, რომელთა ქვემოთაც ორივე მხარეს თითო–თითო გამოსაბოლქვია განთავსებული. ავტომობილის უკან განთავსებული სპოილერი კი უკანა ბორბლების ჩაჭიდების გაუმჯობესებაში მონაწილეობს.

ცვლილებები ავტოსალონმაც განიცადა, სადაც სპორტულ სტილში შესრულებული და გვერდითა დამჭერებით უზრუნველყოფილი AGR-ის მიერ სერტიფიცირებული სავარძლებია განთავსებული.

ავტოკომპანია მყიდველს ოფციის სახით 20-დუიმიან ბორბლებს შესთავაზებს, რომლებიც „მიშლენის“ წარმოების „პაილოტ სპორტ 4S“ საბურავებით შეიმოსება. როგორც „ოპელი“ იუწყება, მალე ამ ავტომობილის დიზელის ძრავით უზრუნველყოფილ ვერსიასაც ვიხილავთ.

Comments

comments